English / ქართული / русский /
რევაზ ჯავახიშვილი
ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები

ანოტაცია. ნაშრომში ეკონომიკური უსაფრთხოება განხილულიაროგორც ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი და განუყოფელი ნაწილი, განსაზღვრულია ეკონომიკური უსაფრთხოების არსი და გაკეთებულია ამ კატეგორიის ფორმირების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. მასში გაანალიზებულია ეკონომიკური უსაფრთხოების შინაგანი სტრუქტურული ელემენტები: ეკონომიკური დამოუკიდებ­ლობა, ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარება და სტაბილურობა, თვითგანვითარებისა და პროგრესის უნარი, ნაჩვენებია ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ცნებებს შორის ორგანული კავშირი. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქვეყნის შინაგან და გარეგან საფრთხეებზე, მათი წარმოშობის მიზეზებსა და დაძლევის გზებზე. კერძოდ, ხაზგასმულია ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სახელმწიფოს გადამწყვეტ როლზე, რომელმაც დროულად უნდა განახორციელოს შინაგანი და გარეგანი ეკონომიკური საფრთხეების გამომწვევი ფაქტორების მონიტორინგი, მოახდინოს მათი დროული დაფიქსირება და თავიდან აცილება.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება, ეკონომიკური საფრთხეები, შინაგანი საფრთხეები, გარეგანი საფრთხეები, ეკონომიკური ზრდა, მდგრადი განვითარება, ეკონომიკური ეფექტიანობა, „ტვინების გადინება“, „კაპიტალის გადინება“, რესურსული პოტენციალი, კონკურენტუნარიანობა, უსაფრთხოების სტრატეგია. 

* * *

ეკონომიკური უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფა თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. „უსაფრთხოების“ ცნების ფორმირებამ საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიული გზა განვლო. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დომინირებდა აზრი იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია იყო ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ეროვნული უსაფრთხოების“ ტერმინი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ბრუნვაში პირველად შემოიტანა აშშ-ის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა 1904 წელს. 1934 წელს კი აშშ-ში შეიქმნა ეკონომიკური უსაფრთხოების პირველი სამთავრობო კომიტეტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაცია [8].

მოგვიანებით  ევროპაში შეიქმნა პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმსხვილესი რეგიონალური ორგანიზაცია – ეუთო (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია), რომელიც აერთიანებს ევროპის, ჩრდ. ამერიკისა და ცენტრალური აზიის 56 ქვეყანას. მისი მთავარი მიზანია გაერთიანების ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და მათი უსაფრთხოების განმტკიცება.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-40 სესიაზე 1985 წელს მიღებულ იქნა რეზოლუცია საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ. ამავე პერიოდიდან იწყება, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის პროცესში, უსაფრთხოების ამსახ­ველი  „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის“ ცნების ფორმირება და მანამდე არსებული სახელმწიფოს „სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების“ ცნებასთან ერ­თად, საზოგადოებრივ ცნობიერებაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტების – ეკო­ნომიკური, სოციალური, ეკოლოგიური, სასურსათო, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და უსაფრთხოების ამსახველი სხვა ცნებების დამკვიდრება.

სამეცნიერო ლიტერატურაში „ეკონომიკური უსაფრთხოების“ კატეგორია სავსებით სწორად განიხილება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ძირითადი ნაწილი, რომელშიც იგულისხმება ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც მიიღწევა მისი მდგრადი განვითარება და ზრდა, პირადი და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების ოპტიმალური დაკმაყოფილება, მართვის მაღალი ხარისხი, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვა [1].

განასხვავებენ ეკონომიკური უსაფრთხოების შემდეგ დონეებს: საერთაშორისო  /გლობალური და რეგიონალური/ეროვნული; რეგიონალური; კერძო/საწარმოო და პიროვნული.

ზოგადად  ეკონომიკური უსაფრთხოების არსის განმსაზღვრელი ფაქტორებია:

1. ეროვნულ ინტერესთა შორის განსხვავება და საერთო ინტერესებიდან, მისი უფრო მეტად, განკერძოებისკენ სწრაფვა;

2. ბუნებრივი რესურსების შეზღუდულობა, ცალკეული ქვეყნების უზრუნველყოფის ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და შეიცავს ამ რესურსებით სარგებლობის ეკონომიკური და პოლიტიკური ბრძოლის გამწვავების პოტენციურ შესაძლებლობას;  

3. პროდუქციის წარმოებისა და გასაღების სფეროში კონკურენციის გაძლიერება, რაც იწვევს ახალ სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას. სწორედ ამიტომ კონკურენტუნარიანობის ზრდა იწვევს ცალკეული ქვეყნების მიმართ ეკონომიკური საფრთხეების წარმოქმნის შესაძლებლობას.

თავისთავად ეკონომიკურ უსაფრთხოებას გააჩნია რთული შინაგანი სტრუქტურა, რომელიც შეიცავს სამ ძირითად ელემენტს:

  1. ეკონომიკური დამოუკიდებლობა. იგი არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, რამდენადაც შრომის საერთაშორისო დანაწილება ეროვნულ ეკონომიკებს აქცევს ერთიანი, მთლიანი მსოფლიო ეკონომიკური ჯაჭვის ურთიერთდამოკიდებულ რგოლებად. ამ პირობებში ეკონომიკური დამოუკიდებლობა გულისხმობს ეროვნულ რესურსებზე კონტროლის შესაძლებლობას, წარმოების, მისი ეფექტიანობისა და პროდუქციის ხარისხის ისეთი დონის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას, მსოფლიო ვაჭრობაში კოოპერაციულ კავშირებსა და მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების ურთიერთგაცვლაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას.
  2. ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარება და სტაბილურობა  გულისხმობს საკუთრების ყველა ფორმის დაცვას, სამეწარმეო აქტივობისთვის საიმედო პირობებისა და გარანტიების შექმნას, მადესტაბილიზირებელი სიტუაციების გამომწვევი ფაქტორების შეკავებას (ეკონომიკაში კრიმინალურ სტრუქტურებთან ბრძოლა, შემოსავლების განაწილებაში სერიოზული გარღვევების თავიდან აცილება და სხვა).
  3. თვითგანვითარებისა და პროგრესის უნარი. იგი ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე, დინამიკურად განვითარებად მსოფლიოში. ინვესტიციების მოზიდვისა და ინოვაციური განვითარების ხელსაყრელი კლიმატის შექმნის, წარმოების უწყვეტი მოდერნიზაციის, მუშაკთა პროფესიული, საგანმანათლებლო და კულტურული დონის ამაღლებისთვის, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის მდგრადი, უსაფრთხო განვითარებისა და თვითშენარჩუნებისთვის [5].

„ეკონომიკური უსაფრთხოების“ ცნებას უშუალო კავშირი აქვს ეკონომიკის „განვითარებისა“ და „მდგრადობის“ ცნებებთან. როცა ეკონომიკა არ ვითარდება, მკვეთრად მცირდება მისი უსაფრთხოება, აგრეთვე, შინაგანი და გარეგანი საფრთხეების ადაპტაციისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. მდგრადობა და უსაფრთხოება ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის, მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. მათი ურთიერთდაპირისპირება არ შეიძლება, თითოეული მათგანი თავისებურად გვიხასიათებს ეკონომიკის მდგომარეობას.

ეკონომიკის მდგრადობა გვიხასიათებს მისი ელემენტების ვერტიკალური, ჰორიზონტალური და შინაგანი სხვა კავშირების სიმყარეს და საიმედოობას, შინაგანი და გარეგანი „დატვირთვებისადმი“ გამძლეობის უნარს. ე.ი. რაც უფრო მდგრადია ეკონომიკური სისტემა მით უფრო სიცოცხლისუნარიანია ეკონომიკა და მაღალია მისი უსაფრთხოება.

მაშასადამე, შეიძლება ერთხელ კიდევ დავასკვნათ, რომ ეკონომიკურ უსაფრთხოებაში იგულისხმება ეკონომიკისა და ხელისუფლების სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკური ინტერესების, მისი სოციალური მიმართულებით განვითარებასა და თავდაცვითი პოტენციალის ამაღლების გარანტირებულ დაცვას. ე.ი. ეკონომიკური უსაფრთხოება არის არა მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების მზადყოფნა და უნარი, შექმნან სამამულო ეკონომიკის განვითარების ეროვნული ინტერესების რეალიზაციისა და დაცვის, ასევე, საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის სათანადო მექანიზმებიც.

ეკონომიკური უსაფრთხოების არსისა და პრინციპების რეალიზაცია და შეფასება ხორციელდება გარკვეული კრიტერიუმებისა და მაჩვენებელთა სისტემის მეშვეობით, რომელიც მოიცავს:

  • რესურსულ პოტენციალსა და მისი ზრდის შესაძლებლობებს;
  • რესურსების (ფინანსური და შრომითი) გამოყენების ეფექტიანობის დონეს და მის შესაბამისობას მოწინავე განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან;
  • ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას;
  • ტერიტორიული და ეკონომიკური სივრცის მთლიანობას (ერთიანობა);
  • სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობისა და საგარეო საფრთხეების გამკლავების შესაძლებლობას;
  • სოციალურ სტაბილურობას, სოციალური კონფლიქტების გადაწყვეტას და თავიდან აცილებას.

ეკონომიკურ უსაფრთხოებას გააჩნია თავისი ეკონომიკური საშიშროებები (საფრთხეები).

ეკონომიკური საფრთხეები – ეს არის მოვლენები და პროცესები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ზღუდავენ პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებს, ქმნიან საშიშროებას ეროვნული ინტერესებისა და ცხოვრების წესისთვის. ისინი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი საფრთხეები [7].

შინაგან ეკონომიკურ საფრთხეებს მიეკუთვნება:

  • ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული დეფორმაცია;
  • ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის დაზიანება (ნგრევა);
  • საინვესტიციო და ინოვაციური აქტიურობის დაბალი დონე;
  • სათბობ-სანედლეულო სექტორის სფეროში ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების მაღალი ხარისხი;
  • ქვეყნის ქონებრივი განშრევების (ქონებრივი დაყოფის) გაძლიერება;
  • საზოგადოებისა და ეკონომიკის კრიმინალიზაციის დონე.

ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის სტრუქტურულ დეფორმაციას, რამდენადაც ამ პრობლემის აღმოფხვრის გარეშე შეუძლებელია მყარი ეკონომიკური განვითარების მიღწევა. ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკის გარდაქმნა უნდა მოხდეს შემდეგი მიმართულებებით:

-  წარმოების სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მოთხოვნის სტრუქტურის გათვალისწინებით;

-  ეკონომიკის იმ დარგების განსაზღვრა, რომლებიც საფუძველს ქმნიან ეკონომიკის ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირებისთვის;

- კაპიტალის (მათ შორის უცხოური) მოზიდვა ეკონომიკის იმ სფეროებში, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ეკონომიკის სტრუქტურულ ძვრებზე.

სერიოზულ შინაგან ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის დაქვეითება. ეკონომიკის მეცნიერებატევადი დარგების დაჩქარებული განვითარება წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია.

მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოების ქონებრივი განშრევების გაძლიერებაც, რაც გვევლინება სიღარიბის ზრდის  ერთ-ერთ ფაქტორად და, რაც განპირობებულია ეკონომიკის განვითარების დაბალი დონით. ამიტომ სიღარიბის შესამცირებლად საჭიროა ეკონომიკური ზრდის ტემპების ამაღლება.

ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისთვის საჭიროა ეკონომიკის კრიმინალიზაციასთან, ანუ ეკონომიკაში მაფიოზურ და დამნაშავე ელემენტებთან ბრძოლის გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნა და მისი სისტემატური სრულყოფა.

შინაგან საფრთხეებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარეგანი საფრთხეები, რომელთაგან აღსანიშნავია:

  • დიდი ოდენობით ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება, პირველ ყოვლისა, ეს შეეხება სამომხმარებლო საქონელს, განსაკუთრებით კი – სურსათს;
  • „ტვინების გადინება“, ანუ მაღალკვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა;
  • ქვეყნიდან საზღვარგარეთ „კაპიტალის გადინება“;
  • ეკონომიკის ჭარბი ზომით ღიაობა;
  • საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციების საჭიროებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე;
  • საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა.

სერიოზულ საფრთხეს ქმნის ქვეყნის იმპორტზე (პირველ ყოვლისა, სურსათსა და ენერგომატარებლებზე) დიდი ოდენობით დამოკიდებულება, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება საომარ პირობებში. ამის ნათელი მაგალითია რუსეთ-უკრაინის ომი, როცა ევროპისა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას მარცვლეულისა და ენერგომატარებლების მიწოდებაში შეექმნა ძალზე მწვავე პირობები.

გარეგანი საფრთხეებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ტვინების გადინება“, რომელიც იწვევს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის დაქვეითებას, რაც აფერხებს მის ეკონომიკურ ზრდას. ინტელექტუალური მიგრაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია: სამეცნიერო შრომის დაბალი ანაზღაურება და გამოკვლევებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის დაბალი დონე, აგრეთვე, ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა. ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იგი იქცეს სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანად; მოწესრიგდეს მაღალკვალიფიციური სამეცნიერო შრომის ანაზღაურება; გაიზარდოს მეცნიერების საბიუჯეტო დაფინანსება.

სერიოზულ საფრთხეს ქმნის კაპიტალის გადინებაც, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მისი ძირითადი მიზეზებია: ინფლაციის მაღალი დონე; ეროვნული ვალუტისადმი ინვესტორთა უნდობლობა.

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა ეკონომიკის ზედმეტი ღიაობის თავიდან აცილება. გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის გაღრმავებასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული სამამულო მწარმოებლების, საფინანსო სისტემებისა და წარმოების სტრატეგიული სფეროების ინტერესები.

საერთოდ კი, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი ფაქტორები მოიცავენ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროს - ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო, ეკოლოგიურ, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებს.

ეკონომიკური უსაფრთხოების ყველა ზემოაღნიშნული საშინაო და საგარეო საფრთხეები მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მათი თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სახელმწიფომ დროულდ განახორციელოს ეკონომიკური საფრთხეების განმსაზღვრელი ფაქტორების წინასწარი მონიტორინგი, მოახდინოს მათი დროული დაფიქსირება და იზრუნოს მათი თავიდან აცილებისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Абалкин Л. И. – Экономическая безопасность Россий: угрозы и их отражения, журп. “Вопросы Экономики”, 1994, №12 - https://fundamental-research.ru/ru/article/view?id=34127
  2. Гордиенко Д. В. – Обеспечение экономической безопасности США при реализации интернациональных проэктов. http://www.fin.izdat.ru/journal/national/
  3. Кудинов В. В., Мухина Е. Г. – Некоторые особенности регулирования обеспечения экономической безапасности в США, журн. “Международная Экономика”, №12, 2020. https://panor.ru/articles/nekotorye-osobennosti- regulirovaniya-obespecheniya- ekonomicheskoy-bezopasnosti-v-ssha/53671.html
  4. Миямото Таро – Сщциальная политика и занятость XXI веке https://www.nippon.com/ru/in-depth/a04203/
  5. Пушкарева Л. В. – Экономическая безопасность, учебник, М, 2018 https://sziu-lib.ranepa.ru/new_book/Html 01.19/pushkareva/pushkareva.html
  6. ВВП стран мира: доля стран в мировом ВВП https://fingeniy.com/vvp-stran-mira-dolya-stran-v-mirovom-vvp/
  7. Экономическая безапасность - Национальная безопасность  https://usacanada.jes.su/s268667300008239-2-1/
  8. Эволюция понятия “Экономическая безапасность” в США, в Западной Европе и Россий https://moluch.ru/conf/econ/archive/14/1765/